21 ივლისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, ბაღის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორი ზურაბ მანველიძე და ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თემურ ვასაძე, ბაღის გოდერძის ალპურ ბაღთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის სამთო დასახლების მოსახლეობას შეხვდნენ.
საუბარი შეეხო ალპური ბაღის მნიშვნელობას, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ აჭარის და მთლიანად ქვეყნის მაღალმთიანი აგრო-ეკოსისტემებისათვის ეკონომიურად და ეკოლოგიურად პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აპრობაციის და ფერმერულ მეურნეობებში დანერგვის, საქართველოს მაღალმთიანეთის ფლორის კოლხური ელემენტების გრძელვადიანი კონსერვაციის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.
შეხვედრას, რომელიც დიალოგის და კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაცია „Mercy Corps“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.