7 ივლისს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებში კონსულტაციების გაწევას, ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მას მეტი რაოდენობის ტურისტის (დამთვალიერებლის) მოზიდვაში.

მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართულია ტურიზმის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობის, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ. მხარეები მომავალში ერთობლივად ჩაატარებენ ღონისძიებებს, პრეზენტაციებს, მათ მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ ექსკურსიებსა და სხვადასხვა სახის ტურებს.

ტურიზმის დეპარტამენტი დახმარებას გაუწევს ბათუმის ბოტანიკური ბაღს სტუმრების (დამთვალიერებლის) მიღებაში, ინფოტურების ორგანიზებაში, სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის ბეჭდური მასალის გავრცელებაში, როგორც ადგილზე, აჭარის რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მხარს დაუჭერს სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაში.

მხარეები თანამშრომლობენ გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო ინფორმაციების გაცვლაში საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურისტული და თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის სფეროებში.