მიმდინარე წელს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარდგენილმა მცენარეთა დაცვის ხელშემწყობმა პროექტმა გაიმარჯვა, რომლის ავტორიც ბაღის ბიოუსაფრთხოების განყოფილება (უფროსი მირანდა წეროძე) გახლდათ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, 16 აგვისტოს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრად იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა კორქმაზი უწყების თანამშრომლებთან ერთად.

ბაღის ადმინისტრაციაში შეხვედრისას, ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და საპატიო სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს, იმ დადებით ტრადიციებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

ორმხრივი თანამშრომლობის და პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებაზე იყო საუბარი ბაღის ზღვისპირა პარკში გამართულ ცერემონიალზეც, სადაც, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორმა მუსტაფა კორქმაზმა ბაღს მცენარეთა დაცვის ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში გადასცა ზურგსაკიდი აპარატები (50 ცალი), ბიოლოგიურ პესტიციდები (200 ლიტ.), მწერსაჭერი ხაფანგი (50 ცალი), ფერომონები ხაფანგებისთვის (100 ცალი), რომელთა საერთო ღირებულება 23.659 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სტუმრებმა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ღირსშესანიშნავი ადგილები, იმყოფებოდნენ ბაღის სანერგე მეურნეობის სათბურში, სადაც გაეცნენ აქ გამოყვანილი მცენარეების ფართო კოლექციას.