ბათუმის ბოტანიკური ბაღის სატრანსპორტო პარკის განახლება და ზოგადად, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა დიდი ხანია შეუქცევადი პროცესი გახდა.

ამ პროცესის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ, ბაღის მიერ შეძენილი (არასაბიუჯეტო სახსრებით) ხის ტოტებისა და ნარჩენი მერქნის გადამამუშავებელი მანქანა (ე.წ. მაქუცმაცებელი), რომლის ღირებულება 42 ათას ლარს შეადგენს. მანქანა, ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „ჯი-თი-გრუპ“-ის მიერ იქნა მოწოდებული.

მანქანას, მოწვეული სპეციალისტების და ბაღის თანამშრომლების მიერ ჩაუტარდა ერთგვარი გამოცდა-ტესტირება, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა.

ხის ტოტებისა და ნარჩენი მერქნის გადამამუშავებელი მანქანა ხელს უწყობს ნარჩენების (ტოტები, ფოთლები, ღერო და სხვ.) სწრაფ უტილიზაციას, დაქუცმაცებით ხდება ნარჩენი მასის მოცულობის შემცირება, რომელიც გამოიყენება მულჩირებისათვის და ორგანული სასუქის ნედლეულია.

აღნიშნული მოწყობილობის დადებითი მხარეებიდან აღსანიშნავია ის, რომ ნარჩენების გადამუშავება გარემოსათვის ზიანის მიუყენებლად ხდება, ამასთან მოსახერხებელია ნარჩენების გადაადგილება (ტრანსპორტირება) და განთავსება; ხდება ნარჩენების ხელახლა გამოყენება (ტორფი, ფოთლის მიწა).