2017 წლის 25-30 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა ბოტანიკური ბაღების მე-6 გლობალური კონგრესი (6 th Global Botanical Gardens Congress. Geneva, Switzerland 25-30 June 2017) „ბოტანიკური ბაღები საზოგადოებაში: ხედვები მომავლისათვის“. ეს არის ერთადერთი, მსოფლიო ბოტანიკური ბაღების ინტელექტუალური ლიდერობისა და რეალური მოღვაწეობის მართლაც რომ გლობალური, წარმომადგენლობითი სამეცნიერო ფორუმი, რომლის მთავარი მიზანი გლობალური ბიომრავფეროვნების დაცვა - შენაჩუნებაა.

კონგრესის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიო ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) 2015-20120 წლების ეკონომიკური მოდელი და სტრატეგიული გეგმა მცენარეთა კოლექციების ex situ/in situ შენარჩუნებაში: მართვა, ინოვაციური პროექტების განხორციელება, მცენარეთა კონსერვაციის პოლიტიკა, პრაქტიკა და განათლება ფართო საზოგადოებისათვის, შესაძლებლობების კოორდინირება, ფინანსური უზრუნველყოფა.

ბოტანიკური ბაღების მე-6 გლობალური კონგრესი მიეძღვნა ჟენევის ბოტანიკური ბაღის დაარსებიდან 200 წლისა და ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) დაფუძნების 30 წლისთავს. პირველად, გლობალური კონგრესის სამუშაო ენა ორენოვანი - ინგლისური და ფრანგული გახლდათ. კონგრესი გაიმართა ჟენევის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრსა (Geneva International Conference Centre (CICG)) და ჟენევის ბოტანიკურ ბაღში. კონგრესის ბიუჯეტი შეადგენდა 600 000 შვეიცარულ ფრანკს, რომელთაგან 300 000 შვეიცარული ფრანკი მონაწილეთა რეგისტრაციიდან იყო შესული, 200 000 შფ - შვეიცარიის კონფედერაცისა და ქალაქ ჟენევის მერიის მიერ გამოყოფილი და 100 000 შფ სპონსორების მიერ იყო დაფინანსებული.

გლობალური კონგრესის 2017 წლის მთავარი თემა გახლდათ იმ პრობლემების გადაჭრის სქემის შემუშავება, რომელიც დღეს მსოფლიო ბოტანიკური ბაღების მოღვაწეობის ფუნდამენტს წარმოადგენს, ის მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:

1. მეცნიერება საზოგადოებისათვის: ხედვები მომავლისათვის, მეცნიერება საზოგადოებისათვის. როგორ შეძლებენ ბოტანიკური ბაღები სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას იმისათვის, რომ გადაჭრას „დიდი პრობლემები“.
2. მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნება:

რა გარანტიებს იძლევა ბოტანიკური ბაღები, იმისათვის, რომ მცენარეთა სახეობები არ გადაშენდნენ; ცოცხალ მცენარეთა კოლექციები და თესლის ბანკები; პრაქტიკული ცოდნის გაზიარება; ex situ და in situ კონსერვაცია მცენარეთა კონსერვაციის გლობალურ სტრატეგიებთან მიმართებაში (GSPC); ტაქსონომიის როლი მცენარეთა შენარჩუნებაში; ბოტანიკური ბაღები და მისი როლი კულტივირებული მცენარეების შენარჩუნებაში; ეკოლოგიური აღდგენა თუ ხელახლა შექმნა; გენეტიკის როლი - კოდირება და შენარჩუნება.

3. განათლება და მხარდაჭერა:

როგორ შეუძლია ბოტანიკურ ბაღებს კომუნიკაცია; უფლებამოსილებით აღჭურვა დიდი პრობლემების გადასაჭრელად; გამოფენები და სამუზეუმო მიდგომები; განათლება; სწავლების პროგრამები; პოტენციალის განმტკიცება; ბოტანიკური ბაღები და საზოგადოების მოზიდვა; სოციალური ქსელებისა და ციფრული მონაცემების როლი; სამოქალაქო მეცნიერება და ბოტანიკური ბაღები- ტენდენციები და პროექტები; ახალი აუდიტორიის მიღწევები: ბავშვები და მოზარდები; ცოდნის გაზიარება- თანამშრომლობა; სოლიდარობა ბოტანიკურ ბაღებს შორის.

4. მართვის პრობლემები:

როგორ შეუძლია ბოტანიკურ ბაღებს გამოიყენოს მართვის ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები; კოლექციების მართვის სისტემა, სტაბილური მართვა მომავლისათვის; გარემოსათვის უვნებელი ბოტანიკური ბაღები: ნარჩენები, ენერგია, რესურსები და ინფრასტრუქტურა; საერთაშორისო პოლიტიკა და კანონმდებლობა: IPEN და CITES პროტოკოლის დანერგვა; კოლექციების პოლიტიკა; დამთვალიერებლის სწავლება და მართვა: როგორ აღმოვფხვრათ ბოტანიკურ ბაღებში მცენარეთა დაზიანება და ქურდობა.

5. კომუნიკაცია:

როგორ შეუძლია ბოტანიკურ ბაღებს გადმოსცეს ხედვები პეიზაჟებითა და დიზაინით; ნოვატორული იდეები მცენარეთა კოლექციების წარმოსაჩენად; ბოტანიკურ ბაღებში ბუნებრივი გარემოს წარმოდგენა; ისტორიულ და პატრიმონულ (საგვარეულო) კოლექციებთან დაახლოების ახალი ხერხები; ბოტანიკური ბაღები, როგორც ღია დაწესებულება - ხელმისაწვდომობა; გამოფენები; ხელოვნების დანერგვა ბოტანიკურ ბაღებში.

თითოეული სფერო მიმართული იყო კონკრეტულ მონაწილეებზე, ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) კომიტეტებზე, სამეცნიერო დაწესებულებების, გარემოსდაცვითი საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის დონეზე.

გლობალური ბოტანიკური ბაღების კონგრესის ორგანიზატორებმა ბოტანიკური ბაღების გაერთინებას, საბაღო ექსპერტებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, საზოგადოების სხვადასხვა კომუნიკატორებს, დირექტორებსა და მენეჯერებს მისცეს შანსი გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი კვლევების, ხედვების განვითარებასა და კონკრეტული ქმედებების სამომავლოდ განხორციელებისათვის.

კონგრესის სამეცნიერო პროგრამა ფოკუსირებული იყო საკითხებზე, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ ბოტანიკურმა ბაღებმა ეკონომიკური პრობლემები საზოგადოებისათვის: სასურსათო უსაფრთხოება; წყლის უკმარისობა; ენერგია; ჯანმრთელობა; ბიომრავალფეროვნების დაკარგვა; კლიმატის ცვლილებები. კონგრესის მთავარი თემები მოიცავდა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, განათლების მხარდაჭერას, ბაღების მიერ ბოტანიკური პრობლემების მართვას, ახალი, ინოვაციური მიდგომებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ეს საკითხები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად იმართებოდა შეხვედრების დროს ვორქ-შოპებზე, სემინარებსა და დისკუსიებზე.

ბოტანიკური ბაღების მე-6 გლობალური კონგრესი წარმოდგენილი იყო 70 ქვეყნის 600 დელეგატით და 200 მოხსენებით. მონაწილეები ძირითადად წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღების ლიდერებით, რომლებიც წარმართავდნენ პლენალურ მოხსენებებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, პრობლემების საჯარო განხილვებსა და სტრატეგიულ რჩევებს, კომიტეტების სხდომებს, სატელიტურ შეხვედრებს.

კონგრესზე საქართველოს დელეგაცია წარდგენილი იყო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან დირექტორი - თამაზ დარჩიძე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, თინათინ ბარბლიშვილი და მცენარეთა კონსერვაციის განყოფილების უფროსი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ცირა ფანცულაია. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი წარსდგა ოთხი სასტენდო მოხსენებით. თინათინ ბარბლიშვილი კონგრესის მეორე დღის მეორე სესიაზე მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით წარსდგა ზეპირი მოხსენებით მცენარეთა მრავალფეროვნების კონსერვაციის პროექტების შედეგებისა და თესლის ბანკის შესახებ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის უფროსი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ჯულიეტა ჯაყელი, რომელიც წარსდგა სასტენდო მოხსენებით „IUCN წითელი ნუსხის მერქნიან მცენარეთა კოლექციების განვითარების ძირითადი პრინციპები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია კოლექციის სამეცნიერო და პრაქტიკული საფუძვლების შემუშავებასა და მისი მრავალფუნქციური გამოყენების თვალსაზრისით.

კონგრესის მუშაობის ფორმატში ორგანიზებული იყო სიმპოზიუმები, სემინარები, ვორქშოპები, მრგვალი მაგიდები. დელეგატებს, ეძლეოდა საშუალება გაცნობოდნენ კონგრესის სპიკერების: ველური ბუნების კონსერვაციის ასოციასიის თავმჯდომარის დოქტორ კრისტიან სამპერის, მისურის ბოტანიკური ბაღის დირექტორის დოქტორ პიტერ ვაის ჯეკსონისა და ამავე ბაღის დოქტორ კრისტინა ედვარდის, მინესოტას უნივერსიტეტის დოქტორის - ჯეანინე კავენდერის, გლობალური მრავალფეროვნების ნდობის ჯგუფის ხემძღვანელის - მარია ჰაგას, უფროსი ლექტორის- დოქტორ ბერნარდ ბეარტჩის, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ქსიშუანგანას ბოტანიკური ბაღის დირექტორის პროფესორ ჩენ ჟინის, ჟენევის გარემოს მეცნიერებათა ინსტიტუტის რექტორის პროფესორ მარტინ ბენისონის, ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს მდივანის - დოქტორ პოლ სმიტის, ჟენევის ბოტანიკური ბაღის დირექტორის - დოქტორ პიერ ანდრე ლუაზოს მოხსენებებსა და დისკუსიებს.

კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ: სუზან შაროკი-ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გლობალური პროგრამების დირექტორი, მიშელ პრაისი- სამეცნიერო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, პოილ სმიტი- ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალური მდივანი, პიაერ ანდრე ლუაზო - ჟენევის ბოტანიკური ბაღის დირექტორი.

სემინარებზე განხილული მცენარეთა გლობალური IUCN წითელი ნუსხის უახლესი კვლევები და მონაცემები იყო პროგრესული და წარმატებული მეთოდიკების ფასდაუდებელი გამოცდილების გაზიარება იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების, ჰაბიტატებისა და ეკოსისტემების შეფასებისა და ბოტანიკურ ბაღებში ex-situ/in-situ შენარჩუნების თვალსაზრისით. 27 ივნისს კამპანია გაიმართა სახელწოდებით „სამშაბათის ხე“. დისკუსიის მთავარი მიზანი იყო ბოტანიკურ ბაღებში ხე-მცენარეების კონსერვაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების განსაზღვრა.

კონგრესის ორგანიზატორებმა დელეგატებს მისცეს საშუალება მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში: ჟენევის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება, ეთნობოტანიკური გამოფენა,რამბერტიას ალპური ბოტანიკური ბაღი, რომელიც ულამაზეს ბუნებრივ კომპლექსში, შვეიცარიის ალპებში, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. რამბერტიას ალპური ბოტანიკური ბაღის კოლექცია წარმოდგენილია მცენარეთა 1000 სახეობით.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს დენვერის ბოტანიკური ბაღის მებაღეობისა და გლობალური ინიციატივების დირექტორმა, დოქტორმა სარად კრიშნანმა, ამერიკის საჯარო ბაღების ასოციაციის მცენარეთა კოლექციების ქსელის მენეჯერმა, პამელა ალესტიმმა, ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს კონსერვაციის ასისტენტმა, ემილი ბიჩმა, საფრანგეთის ნანსის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილემ, კატია ასტაფიეფმა.

ბოტანიკური ბაღების მე-6 გლობალურმა კონგრესმა საშუალება მოგვცა გაგვეცნო მსოფლიო ბოტანიკური ბაღების განვითარების ახლებური, კონცეპტუალური მიდგომების, ნოვაციების დანერგვის, დოკუმენტირებული კოლექციების მართვის, სახეობათა გადაშენების კრიზისთან ბრძოლის მეთოდების, განათლების ხელშეწყობის ფართო საზოგადოებისათვის.

და ბოლოს, ინფორმაციისათვის: 2018 წლის 22-25 მაისს, ავსტრიაში, ვენაში გაიმართება მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „გენომების ბიომრავალფეროვნების გლობალური ქსელი“ (Global Genome Biodiversity Network).

9-14 სექტემბერს, პოლონეთში, ვარშავაში გაიმართება ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს მე-10 საერთაშორისო კონგრესი „განათლება ბოტანიკურ ბაღებში (BGCI’s 10th International Congress on Education in Botanic Gardens. Warsaw, Poland).

ბოტანიკური ბაღების მე-7 გლობალური კონგრესი ჩატარდება 2020 წელს, ავსტრალიაში.