ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, ადგილობრივი ფლორის და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ხარაზიშვილი და ამავე დეპარტამენტის ჰერბარიუმის ფონდის ხელმძღვანელი ნინო მემიაძე მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდნენ ქ. მიუნხენში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) მიუნხენ-ნიმფემბურგის და შახენის ალპურ ბოტანიკურ ბაღებში.

ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო გასვლა შახენის ალპურ ბოტანიკურ ბაღში, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ადგილზე მოხდა ალპური ბაღის სტრუქტურის და მცენარეთა კოლექციების გაცნობა. შახენის ალპური ბაღი 1 ჰა ფართობზეა განლაგებული და კოლექციაში 1000 - მდე ველური სახეობის მცენარეა თავმოყრილი მსოფლიოს სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონებიდან, მათ შორის კავკასიიდან და საქართველოდან.

გაიმართა შეხვედრა მიუნხენ - ნიმფენბურგის ბოტანიკური ბაღის და ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორთან, ქალბატონ სუზან რენნერთან.

მენეჯმენტის, სტრუქტურის, მცენარეთა კოლექციების, საკონსერვაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, თესლთა გაცვლის ფონდის გაცნობის შემდეგ ჩვენი თანამშრომლები ეწვივნენ ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმის ფონდს, სადაც ჰერბარიუმის ფონდის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები, რაც აუცილებელია თანამედროვე ჰერბარიუმის ფონდის და მონაცემთა ბაზის არსებობისათვის.

ჩვენი კოლეგების,-ანდრეას გრიოგერის და ვოლფრამ ლობინის დახმარებით მოეწყო ორდღიანი ტური ქ. ფრანქფურტის მუნიციპალურ და ქ. ვურცბურგის საუნივერსიტეტო ბოტანიკურ ბაღებში.