ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მინსკში, ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში, სადაც 7-9 ოქტომბერს გაიმართა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია “ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ბიოლოგიური რესურსების გამოყენების პრობლემები”, მიძღვნილი აკადემიკოს ნ.ვ.სმოლსკის დაბადებიდან 110 წლის იუბილისადმი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის 140 წარმომადგენელმა. ბათუმის ბოტანიკური ბაღი კონფერეციაზე წარადგინეს ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ, ბაღის დენდროლოგმა ჯულიეტა ჯაყელმა და სამეცნიერო კონსულტანტმა მარიამ მეტრეველმა.

7 ოქტომბერს, კონფერენციის ფარგლებში ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ვლადიმერ ტიტოკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რაც ითვალიწინებს ურთიერთმხარდაჭერას მცენარეთა დოკუმენტირებული კოლექციების გაცვლისა და შევსება-განახლების საკითხებში, კვლევებს მცენარეთა ინტროდუქციის მიმართულებით, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, თანამშორომლობას განათლებისა და პერსონალის გადამზადების საკითხებში და სხვა. ბოტანიკურ ბაღებს შორის მიღწეული შეთანხმება ეფუძნება მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნად ისახავს მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიის (GSPC) განხორცილების ხელშეწყობას, სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების პროცესში ურთიერთმხარდაჭერას. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე პრეზენტაციით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე. მან კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარსული, დღევანდელი საქმიანობის მიმართულებები და მომავლის გამოწვევები.

8 ოქტომბერს, კონფერენციის მუშაობის მეორე დღეს, სექციაში ,,ბოტანიკური კოლექციების შესწავლის თანამედროვე მიმართულებები მცენარეული სამყაროს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და რაციონალური გამოყენებისათვის“, მოხსენებებით წარსდგნენ ჯულიეტა ჯაყელი და მარიამ მეტრეველი. მათ წარადგინეს თემები: ,,გლობალური დაცულობის სტატუსის მქონე გვარი არაუკარიას წარმომადგენლები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“ და ,,ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეული კოლექციის მონიტორინგი“.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელთა პრეზენტაციებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მომხსენებლები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.

9 ოქტომბერს, კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ კენკროვანი კულტურების ინტროდუქციისა და ტექნოლოგიის განყოფილების განცევიჩის საცდელ-საწარმოო პლანტაციას, ბოტანიკური ბაღიდან 200 კმ-ით დაშორებით. ზემოთაღნიშული განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ პავლოვსკიმ მათ გააცნო მოცვისა და შტოშის სხვადასხვა ჯიშის მოვლა-მოყვანის, სამრეწველო პლანტაციების გაშენების, ნაყოფის შეგროვებისა და წარმოებაზე მიწოდების საკითხები. კონფერენციის მონაწილეები დაესწრნენ ნაყოფის შეგროვებისა და დახარისხების პროცესს. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ბელორუსიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ისტორიული ძეგლები.

10 ოქტომბერს საქმიანი შეხვედრები გაიმართა ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეხილეობის ინსტიტუტში. აღსანიშნავია, რომ ამ ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიის განყოფილებასთან ბათუმის ბოტანიკურ ბაღი რამოდენიმე თვეა თანამშრომლობს ბაღში არსებული იშვიათი, ერთეული და მსოფლიო წითელი ნუსხით დაცული მცენარეების მიკროკლონალური გამრავლების საკითხებზე. ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ინსტიტუტის დირექტორთან ვიაჩესლავ სამუსთან, ბიოტექნოლოგიის განყოფილების გამგესა და მის მოადგილესთან - ნატალია კუხარჩიკსა და მანანა კასტრიცკაიასთან.

მინსკის ცენტრალურმა ბოტანიკურმა ბაღმა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს კოლექციის შევსების მიზნით საჩუქრად გადასცა 43 დასახელების ყვავილოვანი დეკორატიული მცენარე. ბიბლიოთეკას კი მინსკის ბოტანიკური ბაღიდან და მინსკის მეხილეობის ინსტიტუტიდან საჩუქრად გადაეცა 15 დასახელების სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა.

სამომავლოდ იგეგმება მინსკელი კოლეგების ვიზიტი საქართველოში კერძოდ, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.