აღნიშნული ტერიტორია ბაღის დაარსებისთანავე, ა. კრასნოვის მიერ, ჩაფიქრებული იყო როგორც ყველაზე ხალხმრავალი ადგილი. ის ჩრდილოეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებას მიეკუთვნებოდა და სანამ ზღვისპირა პარკად გადააკეთებდნენ, ე.წ. ამერიკულ ბულვარს წარმოადგენდა, რომელიც ემიჯნებოდა ''ევროპულ ბულვარს''. იმ დროისათვის ეს ადგილი ჩვენი მხარისათვის უცხო ბალახოვან-ყვავილოვანი მცენარეებითა და ვარდებით იყო მოფენილი. ის ბოტანიკური ბაღის მთავარი შემოსასვლელი იყო ზღვიდან, რკინიგზიდან და ჩაქვიდან.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ე.წ. ამერიკული ბულვარი განადგურდა და საჭირო გახდა მისი მწყობრში მოყვანა (1950 წ). აგრონომ–დეკორატორის, გიორგი გაბრიჩიძის მიერ განხორციელდა ახალი პარკის მშენებლობა. მან პარკის პროექტირება გადაწყვიტა ფრანგულ-რეგულარულ სტილში. ეს ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ბუნებრივ სტილში გაშენებული ბოტანიკური ბაღისა და ასაკოვანი ზედა და ქვედა პარკების ფონზე, ფრანგულ-რეგულარულ სტილში დაპროექტებული ახალი პარკი, თავისი სწორხაზოვანი ბორდიურებითა და რაბატკებით, ხელოვნების ნიმუშად აღიქმებოდა. ლამაზად გაკრეჭილი ბზების (Buxus sempervirens), პირამიდასავით აზიდული კომპაქტური კრიპტომერიების (Cryptomeria japonica f. compacta), მიმდევრობით დარგული დეიციების (Deutzia scabra), სურნელოვანი ოსმანთუსებისა (Osmanthus fragrans; O. heterofilum) და მიხელიების (Michelia fuscata), აჟურულფოთლება დაბალი ნეკერჩხლების (Acer palmatum v.dissectum “Palmatifidum”, A. p. v. dissectum “Rubellum”), ჰორტენზიების (Hydrangea paniculata , Hydrangea macrophylla), ფორმირებული კეთილშობილი დაფნების (Laurus nobilis), ჭრელფოთლება ჭყორის (Jlex aquifolia L. f. albo-marginata) და სხვა მერქნიანი მცენარეების გარემოცვაში, ჩრდილო ამერიკული წარმოშობის პალმების (Sabal palmetto) ირგვლივ გაკეთებულ კლუმბებში ულამაზესი ყვავილნარები იწონებდნენ თავს.
პარკის ცენტრალურ ნაწილს ორი მთავარი სასეირნო გზის გადაკვეთაში არსებული კლუმბა წარმოადგენs, ულამაზესი კანარის ფინიკის პალმით (Phoenix canariensis). პარკის ცენტრიდან ზღვისკენ მიმავალ გზას ფართე საფეხურებით ავყავართ კოხტა შენობასთან - ბაქანი „ბოტანიკური ბაღი“, აქვეა პლაჟი, (საიდანაც კარგ ამინდში მოჩანს სახელმწიფო სასაზღვრო ზოლი მარცხნივ – თურქეთთან, მარჯვნივ – რუსეთთან).ბაქანის მოპირდაპირე მხარეს დიდი, მასიური კიბეებით, ჩრდილოეთ ამერიკის ფლორისტული განყოფილების ცენტრალურ გზაზე ავდივართ. ზღვისპირა პარკს ამშვენებს ხეივნები: სურნელოვანი ოსმანთუსების (Osmanthus fragrans; O. heterofilum), სასანქვას კამელიების (Camelia sasanqua), ჯუჯა ნეკერჩხლების (Acer palmatum v.dissectum “Palmatifidum”, A. p. v. dissectum “Rubellum”), ირმის რქების (Lagerstroemia indica) , ფორჩუნის ტრახიკარპუსის (Trachycarpus fortunei).
პარკში იზრდება ჩრდილო ამერიკული წარმოშობის ნეკერჩხლების (Acer negundo argenteo-marginata და Acer negundo “Flamingo”), საკმეველის ფიჭვის (Pinus taeda) ულამაზესი ეგზემპლარები, მაგნოლიები (Magnolia grandiflora, Magnolia x soulangeana, Magnolia tripetala, Magnolia virginiana), ძახველი (Viburnum rhytidophyllum, Viburnum tinus), ფეიჰოია (Acca selloviana), მიხელია (Michelia fuscata) და მრავალი სხვა დეკორატიული მცენარე.
ეს პარკი დღესაც ამართლებს კრასნოვის ჩანაფიქრს - ყველაზე ხალხმრავალი ადგილი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ვინაიდან: აქ მრთავრდება ტურისტული მარშრუტი მწვანე კონცხიდან და უღელტეხილის მხრიდან შემოსული ვიზიტორებისათვის; აქედან იწყება მთავარი მარშრუტი ჩაქვიდან შემოსული ადამიანებისათვის; აქაა გადასასვლელი პლაჟზე; საპიკნიკე და საკემპინგე რეკრიაციული ზონა; კაფე-ბარი; აქვეა სანერგე და სასათბურე მეურნეობა; გასასვლელი ჩაქვის მიმართულევით. 2014 წლიდან პარკის რეკრიაციულ ზონებს დაემატა მცენარეთა სარეალიზაციო სალონ-მაღაზია და ე.წ. „სარიტუალო პოდიუმი“ - სადაც მექორწინე წყვილებს შეუძლიათ ფოტოსესიისა და ხელის მოწერის ცერემონიალის გამართვა, ტერიტორიაზე იმართება გირჩების, ბამბუკების გამოფენები და სხვა ღონისძიებები.