ბაღის ტერიტორიაზე მექსიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებას 0.7 ჰა უკავია. მექსიკა მთაგორიანი, რთული რელიეფის ქვეყანაა, რომელიც უდაბნოებისა და ტენიანი სუბტროპიკული ტყეების მონაცვლეობით გამოირჩევა. მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მართალია მექსიკის კლიმატური პირობები ბათუმის სანაპიროსათვის უცხო არ არის, მაგრამ მშრალი პლატოებისათვის დამახასიათებელი კლიმატით მკვეთრად განსხვავდება მისგან.
2014 წლის ინვენტარიზაციის მონაცემებით მექსიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილება 23 გვარის, 38 სახეობას ითვლის. მათგან 7 სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის IUCN გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი კრიტიკული სახეობების ნუსხაში. ესენია: ნათელი, ანუ მექსიკური სოჭი (Abies religiosa), ლუზიტანური კვიპაროზი (Cupressus lusitanica), გვადალუპეს კვიპაროზი (Cupressus guadalupensis), მონტეზუმის ფიჭვი (Pinus Montezumae), კვერცხისებრნაყოფა ფიჭვი (Pinus oocarpa), ვარჯდახრილი ფიჭვი (Pinus patula), მექსიკური ტაქსოდიუმი (Taxodium mucronatum).
მექსიკური ქვის ბაღი
მექსიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილების მშვენებას წარმოადგენს სამხრეთ ფერდობის შემაღლებულ ვაკეზე გაშენებული მექსიკის მშრალი პლატოების, უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების მცენარეთა კოლექცია - სუკულენტების სახით.
სუკულენტების ბორცვზე განსაზღვრული და დაცულია აგავების, იუკების, ცერეუსების და ოპუნციების მააქცენტირებელი განლაგება. ქვების, ქვიშისა და ნიჟარების კომბინაცია ამ ბაღის აუცილებელი ატრიბუტია.
აგავას საყვავილე ღეროსა და ფოთლებიდან, ცენტრალურ ამერიკაში, ამზადებენ ალკოჰოლურ სასმელს - “პულკეს”, ფოთლებისაგან კი საბაგირო თოკებს.
სუკულენტების ბორცვზე აღრიცხულია მცენარეთა 4 ოჯახის, 7 გვარის, 13 სახეობა, მათ შორის: ამერიკული აგავა - Agave americana, ამერიკული აგავა ვარიაცია ჭრელფოთოლა - Agave americana v. variegata, ლამაზი იუკა - Yucca gloriosa, ალოეფოთოლა იუკა - Yucca aloifolia, სპილოსებრი იუკა - Yucca elephantipes, იუკასებრი ბეშორნერია - Beshorneria yuccoides, ცერეუსი - Cereus peruvianus, ოპუნცია - Opuntia ficus-indica, დაზილირიონი - Dasylirion wheelerii და სხვა სახეობები, რომლებიც იშვიათ და მიმზიდველ ექსპოზიციას ქმნიან.