23 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში წელს უკვე მესამედ გაიმართა გირჩების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ტრადიციული გამოფენის მასპინძლობა და წარმოდგენილი გირჩების სახეობების პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანის მიერ შეძენილი გირჩებისაგან დამზადებული აქესესუარი, აამაღლებს თქვენს წინაასაახალწლო განწყობას და ძვირფასი ნივთი იქნება საახალწლო შენაძენებს შორის“,-აღნიშნა თავის გამოსვლაში ირაკლი არჩაიამ.
მუსიკალური ბენდის მიერ აჟღერებული ჰანგების ფონზე, მოწვეული სტუმრების და ბაღის დამთვალიერებელთა წინაშე წარმოდგენილი იყო 50 სახეობის გირჩა. აქვე გაიმართა გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს და სტუმრებს ორგანიზატორები ბოტანიკურ ბაღში დამზადებული თაფლით, სხვადასხვა ტკბილეულით და ჩაით გაუმასპინძლდნენ.
გამოფენას დაესწრო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.