7 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინიციატივით, სასტუმრო „ოაზისის“ საკონფერენციო დარბაზში, საშიში ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას მონიტორინგისა და კონტროლისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა - ,,აზიური ფაროსანას მონიტორინგისა და კონტროლის სტრატეგია“ გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: სსიპ - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მუნიციპალიტეტების მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურებმა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციამ, აჭარის სატყეო სააგენტომ, რეგიონის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის წრმომადგენლებმა, ასევე ყველა იმ დაინტერესებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც აქტიურ კოორდინაციაში იყვნენ ფაროსანებთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბთან.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად მიღებული სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობის ინფორმაციების, მოსაზრებების, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარება; მავნებლის მონიტორინგისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და ქვეყნის სამოქმედო გეგმის გაცნობა.

შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევის ცენტრს შორის, რომელსაც ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ და ლაბორატორიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, რამაზ სურმანიძემ მოაწერეს ხელი.