2017 წლის 8 სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკოლოგიური განათლების სკოლას უმასპინძლა (CACSEE - Central Asian and Caucasus School for Ecological Education), რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი ბერლინში (გერმანია).

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წინასწარ დაგეგმილი სალექციო და საექსკურსიო რაკურსი მიმართული იყო ბაღის მდიდარი მცენარეთა კოლექციების ანალიზის შინაარსზე, რომელიც ეფუძნება კლასიკური ბოტანიკური ბაღების მოღვაწეობის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა მცენარეთა გეოგრაფია, სისტემატიკა, მორფოლოგია-ანატომია, ობიექტების კომპლექსური კვლევის მეთოდოლოგია, ფიტოსანიტარული მონიტორინგი, რესურთმცოდნეობა, ლანდშაფტური დაგეგმარება, გლობალური და ეროვნული წითელი ნუსხით დაცული სახეობების დაცვა-აღდგენის შესაძლებლობები, გარემოსდაცვითი განათლება და სხვა .

მსოფლიოს შვიდი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებსა და ლექტორებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიესალმა და შემდგომი წარმატებები უსურვა დირექტორის მოადგილემ ბიძინა ფერცელიძემ, სალექციო და საექსკურსიო კურსი წარმართეს ბაღის ეგზოტურ მცენარეთა დეპარტამენტის უფროსმა ჯულიეტა ჯაყელმა და ბაღის დენდროლოგმა გია ბოლქვაძემ; კოლხეთის რელიქტურ ტყეებისა და ჰერბარიუმის ფონდში დაცულ ნიმუშების შესახებ ესაუბრა ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ხარაზიშვილმა; მეთესლეობის ფონდის მუშაობა - თესლების სიის (Index Seminum) გამოცემის, მსოფლიო ბოტანიკურ ბაღებთან თანამშრომლობის, ბაღის ტერიტორიასა და ექსპედიციის შედეგად თესლების შეგროვების მეთოდებზე, მათი შენახვისა და გამოცდის შესახებ ესაუბრა ბაღის წამყვანმა სპეციალისტებმა: თამარა ცხოიძემ და მარია ოვჩინიკოვამ, მეთესლეობის ფონდის ტექნიკურმა მუშაკებმა - გულნარა ჩხაიძემ და ნელი ზოიძემ მოამზადეს მათთვის საინტერესო ეგზოტების, ბაღის 2016-2017 წლის თესლების სიაში №44 შეტანილი ეგზოტების 10 სახეობის თესლების ნიმუში, რომლებიც მათ საჩუქრად გადაეცათ.

ეკო-სკოლის ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს გულთბილი მიღების, მასპინძლობისა და საინტერესო ლექციებისათვის. გამოთქვეს სურვილი შემდგომი საქმიანი ურთიერთთანამშრომლობისათვის.

აღსანიშნავია, რომ ეკო-სკოლის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ახლგაზრდა სტუდენტებს, მკვლევარებს, ლექტორებს და მოგზაურობით დაინტერესებული პირებს გააცნოს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიოლოგიური მრავალფეროვნება, დაცულ ტერიტორიები, ბუნების არაცოცხალ ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობა. ეკო-სკოლის საბაზისო გეგმას წარმოადგენს რეგიონების იმ ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებთან.