ბათუმის ბოტანიკური ბაღის 105 წლისთავის საიუბილეოდ მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში, 01 ნოემბერს, სასტუმრო „ოაზისში“ ჩატარდა ამ ღირსშესანიშნავი დღისადმი მიძღვნილი ბოტანიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე - „კოლხეთის მცენარეთა სამყარო: მრავალფეროვნება, ეკოლოგია, კონსერვაცია“.

სიმპოზიუმში 7 ქვეყნის (აშშ, ინგლისი, იტალია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი) 150-მდე ბოტანიკური ბაღის და ბოტანიკური ორგანიზაციის, მათ შორის უშუალოდ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის და საკანონმდებლო, სამთავრობო და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სიმპოზიუმი გახსნა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ 105 წლისთავს ბოტანიკური ბაღი ახალი გამოწვევებით, ახალი საერთაშორისო კავშირებით და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალით შეხვდა, ხაზი გაუსვა გოდერძის ალპური ბაღის დაფუძნების მნიშვნელობას, მის განსახორციელებლად, აჭარის მთავრობის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქმედით მხარდაჭერას და მასში, მეგობარი და პარტნიორი ორგანიზაციების აქტიურ ფინანსურ და მორალურ ჩართულობას. „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, წინსვლა და ახალი წარმატებები ვუსურვო ბაღის ყველა თანამშრომელს, ვინც დაუღალავი შრომითა და რუდუნებით დღემდე მოიტანა ბაღი, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს მასზე და ასე ნათლად წარმოაჩენს უნიკალური ბაღის წარსულსა და დღევანდელობას“, აღნიშნა ბაღის დირექტორმა.

სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერმაკოვი, რომელმაც ბაღის თითოეულ თანამშრომელს და ღონისძიების მონაწილეებს მიულოცა ღირსშესანიშნავი დღე.

მონაწილეებს მიესალმა და იუბილე მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყოველწიურად მზარდია ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა რაოდენობა: 2017 წლის ზაფხულში კი 35 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მე განსაკუთრებითმახარებს.
განსაკუთრებით მახარებს და მეამაყება ასევე ახალი და ინოვაციური პროექტი - ალპური ბოტანიკური ბაღი, რომლის იდეა მართლაც უნიკალურია: ერთი მხრივ იგი ბუნებრივი სიმდიდრისა და ფლორისტული მრავალფეროვნების გრძელვადიან კონსერვაციას და ეკოსისტემის შენარჩუნებას ემსახურება, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური სარგებლის შექმნას მთის მოსახლეობისთვის“.

მისასალმებელი სიტყვებით წარსდგენ და ბაღის დირექტორს საიუბილეო ადრესები გადასცეს მოწვეულმა სტუმრებმა, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ისე უცხოეთიდან.

საზეიმო ნაწილის შემდეგ, სიმპოზიუმზე გაკეთდა პრეზენტაციები და საინტერესო მოხსენებები.

02 ნოემბერს, სტუმრები გაემგზავრებიან მაღალმთან აჭარაში, სადაც დაათვალიერებენ აჭარისწყლის ხეობის ღირსშესანიშნავ ადგილებს და ესტუმრებიან საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტს, სადაც, მათვის გაიმართება საზეიმო მიღება.

საიუბილეო ღონისძიებების დასკვნით დღეს, 03 ნოემბერს, სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის გათვალისწინებულია ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ქ. ბათუმის მიმდებარე ტერიტორიებზე (ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ და გონიოს ციხე), ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორიული კადრების კინოჩვენება და კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.