2018 წლის 21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს და ლექტორ-მასწავლებლებს უმასპინძლა.

სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას შეხვდა, ტყის დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე და ბაღის ფლორისტულ სიმდიდრეზე ესაუბრა ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია.

ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის უფროსმა, ჯულიეტა ჯაყელმა, ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის კოორდინატორმა ფერიდე ჩაიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორებმა - გუგული დუმბაძემ და ინგა დიასამიძემ.

ბაღის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში სტუდენტებისათვის შემეცნებითი ლექცია თემაზე: „ბოტანიკური ბაღის არსი და დანიშნულება“ ჩაატარა ჰიმალაის მცენარეთა კოლექციის კურატორმა დალი ვარშანიძემ.

მომავალ სპეციალისტებს ბაღის მთავარ მარშრუტზე არსებული მცენარეები გააცნეს მექსიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის, აღმოსავლეთ აზიის მცენარეთა კოლექციების კურატორებმა მარიამ კანდელაკმა და თეონა ქათამაძემ.

ამ დღისადმი მიძღვნილი პროგრამა მასპინძლებმა და სტუმრებმა ბაღის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დარგვით დაასრულეს, კერძოდ, ბაღის ხმელთაშუა ზღვის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებასა და ეგზოტთა საკოლექციო ნაკვეთზე დაირგო საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული ხემარწყვასა და კეთილშობილი დაფნის, ზეთისხილის, ბალეარიის ბზის, მარადმწვანე კვიპაროზის ჰოტიზონტალური ფორმის, ლუზიტანიის წყავის, ჩვეულებრივი ტვიის, დაფნისფოთოლა ძახველის, ბაძგის თეთრარშიანი საბაღო ფორმები, სულ, 111 ძირი ნერგი. ასევე დაირგო გლობალური „წითელი ნუსხის“ 9 სახეობის 35 ძირი უიშვიათესი რელიქტიური მცენარე, ქვედა პარკის „ნეკერჩხლების პარტერში“ დაღუპული პავლონიას ნაცვლად კი დაირგო ბრაზილიის ენდემი, - ბრაზილიური არაუკარია და სხვა ზამთარმოყვავილე მაგნოლიები.

აღსანიშნავია, რომ 21 მარტი, ტყის დაცვის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე.