2016 წლის 05 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის არნოლდის დენდრარიუმს შორის.

მემორანდუმს ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახელით ხელი მოაწერა ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, ხოლო ჰარვარდის უნივერსიტეტის არნოლდის დენდრარიუმის სახელით, დენდრარიუმისაღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა სტივენ შნეიდერმა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მცენარეთა კონსერვაციისა და კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მხარეებმა გამოხატეს თანამშრომლობის სურვილი მცენარეთა კრიტიკული სახეობების კონსერვაციისა და ex situ პირობებში გრძელვადიანი შენარჩუნების მიზნით.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ თესლებისა და მცენარეთა ჰერბარიუმის ნიმუშების შეგროვების ექსპედიციებში საქართველოსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
შეთანხმების მიხედვით, 2016-2017 წლებში, საქართველოში დადგინდება ადგილები ერთობლივი ექსპედიციებისათვის და ეს თანამშრომლობითი ექსპედიციები, 2021 წლამდე გაგრძელდება.
მხარეები, შეზღუდვის გარეშე გაამრავლებენ და გამოზრდიან საერთაშორისო „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეებს თავიანთ კოლექციებში, განათლების, კონსერვაციის, დაცვა-შენარჩუნების და კვლევის მიზნით.
მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ იმუშავებენ ინტეგრირებული კონსერვაციის ქმედებების მიმართულებით შერჩეულ მერქნიან მცენარეთა სახეობებისათვის. შესაძლებლობის შემთხვევაში ორივე მხარის შეთანხმებით, განხორციელდება ex situ კონსერვაციის ღონისძიებები დაცულ ჰაბიტატებში და რე-ინტროდუქცია ბუნებრივ გარემოში.
მემორანდუმი ითვალისწინებს აგრეთვე, მხარეებმა მხარი დაუჭირონ თითოეული მხარის პერსონალის, პრაქტიკანტის და სტუდენტის თანამშრომლობით ქმედებებს, მხარეთა ორმხრივი შეთანხმების თრენინგებისა და ერთობლივი აქტივობების ჩათვლით.
მემორანდუმი ითვალისწინებს აგეთვე სხვა აქტივობებს და ქმედებებს.