ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ყვავილოვან-ბალახოვანი მცენარეები (ერთწლოვნები, ორწლოვნები, მრავალწლოვნები), რომელთაც ესაჭიროება გაზრდა-გამრავალფეროვნება.

ამ მიზნით, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნ.ნ. გრიშკოს სახელობის (კიევი) ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, ნ.ვ. ზაიმენკოს მიწვევით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან, 27 ოქტომბრის ჩათვლით, ნ.ნ.გრიშკოს სახელობის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიწვეულნი იყვნენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატიულ მცენარეთა განყოფილების უფროსი მარინე თათარიშვილი და ამავე განყოფილების პარკების კურატორი, მაგდანა ჯაფარიძე, რომელთაც გულთბილი შეხვედრები ქონდათ უკრაინელ კოლეგებთან.

მივლინების პერიოდში, ბაღის თანამშრომლები გაეცნენ ქ.კიევის ნ.ნ. გრიშკოს სახელობის ეროვნული და ტ. შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის აკადემიკოს ა.ვ. ფომინის სახელობის ბოტანიკური ბაღების დახურული და ღია გრუნტის მცენარეთა კოლექციებს. მათ მიერ, ნერგის სახით შემოტანილია 93 ტაქსონის 93 მცენარე: ჰემეროკალისი -20, კანა -17, ზამბახი -16, ასტილბე -10, ჰეუხერა -6, სხვადასხვა ნაკლებად გავრცელებული მრავალწლოვნები -7, იაპონური კამელიის -6, სხვადასხვა ციტრუსი -11; კალმის სახით 13 ტაქსონის 47 კალამი: ვარდის 10 ჯიშის 30კალამი, ხეხილოვანი 3 ტაქსონის 17 კალამი. შემოტანილი მცენარეები ბოტანიკური ბაღის კოლექციისათვის ახალია.

საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები იყო უკრაინელ მეცნიერ-მეყვავილეებთან, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ნ.ნ. გრიშკოს სახელობის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხეხილოვან მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილების გამგესთან, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ს.ვ. კლიმენკოსთან.

მივლინების ფარგლებში, მარინე თათარიშვილმა და მაგდანა ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში თემაზე: „ბოტანიკურ ბაღებსა და დენდროპარკებში მცენარეთა შენარჩუნება-გამდიდრების საკითხები“. არნიშნული კონფერენცია მიეძღვნა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მ.ა. კოხნოს ხსოვნას. კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს სოფიევკის დენდროპარკი, რომელსაც საკმაოდ დიდი 179 ჰა. უჭირავს და XVIII-XIX სს. მსოფლიო საბაღო-საპარკო ხელოვნების ნიმუშია.

მივლინების კულმინაცია იყო ქრიზანთემების ფესტივალი, რომელიც ქ.კიევის გამწვანების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

ვიზიტი უკრაინაში, კერძოდ, ქ. კიევის ნ.ნ. გრიშკოს სახელობის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში და ტ. შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის აკადემიკოს ა.ვ. ფომინის სახელობის ბოტანიკურ ბაღში ერთობ შედეგიანი და მნიშვნელოვანი იყო მეყვავილეობის მიმართულების შემდგომი გაძლიერება-განვითარებისათვის.