დღეს, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა გირჩების ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა, რომელიც წინაასახალწლო განწყობის, ბაღში არსებული გირჩის სახეობების პოპულარიზაციის და ზოგადად, ბაღის ცნობადობის ასამაღლებლად, წელს, უკვე მეოთხედ ჩატარდა.

დილიდან, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკი სადღესასწაულოდ იყო მორთულ-მოკაზმული, სადაც, ბაღის სტუმრთა და ვიზიტრთა განწყობას, მუსიკის ჰანგები და გარემო, კიდევ უფრო ამაღლებულს ხდიდა.

„მაქვს პატივი, მოგესალმოთ და დამდეგი-შობა ახალი წელი მოგილოცოთ! გისურვებთ, ჯანმრთელობას, წინსვლას, ბედნიერებას და ულევ სიხარულს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ტრადიციული გამოფენის მასპინძლობა და წარმოდგენილი გირჩების სახეობების პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, გირჩებისაგან დამზადებული აქსესუარები წინასაახალწლო განწყობას კიდევ უფრო გაგილამაზებთ“, აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბოტანიკური ბაღის მარკეტინგის განყოფილების და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული, ბაღის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარებისათვის.

გამოფენა-გაყიდვის მონაწილეებს და ბაღის სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლეილა სურმანიძემ, - „რაც დღეს აქ ვიხილე, ნამდვილად შთამბეჭდავია. თითოეული ექსპონატი ლამაზი და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელია. დარწმუნებული ვარ, აქ წარმოდგენილი გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები და ნაკეთობები, ორიგინაული შენაძენი იქნება თითეული ჩვენთაგანისათვის“, აღნიშნა მერის მოადგილემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობის გირჩა. აქვე გაიმართა გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შ.პ.ს. „ქალაქური“ (დირექტორი ჯაბა აბესლამიძე) გირჩების მურაბით გაუმასპინძლდა.