ჰიმალაის ფიტოგეოგრაფიული განყოფილება გაშენებულია 1,8 ჰა ფართობზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყველაზე ცივ და თბილ მონაკვეთებს შორის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ფერდობებზე. აჭარის ზღვისპირეთში ჰიმალაის მცენარეთა მასიური ინტროდუქცია XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ინდოეთიდან, კერძოდ, დარჯილინგიდან განხორციელდა.
ჰიმალაის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების შიშველთესლოვნებიდან აღსანიშნავია წიწვოვანი მცენარეები: სოჭის სახეობებიდან - Abies spectabilis, კედარი - Cedrus deodara, კვიპაროსები - Cupressus caschmeriana, Cupressus torulosa, ნაძვისა და ფიჭვის სახეობები - Picea morinda, Pinus griffithii, Pinus roxburghii, რომელთა უმეტესობა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ,,წითელი ნუსხის“ მცენარეებს წარმოადგენენ. Pinus roxburghii სამშობლოში, მთებში 400-დან 2000 მ სიმაღლემდე იზრდება, გააჩნია მკვრივი მერქანი, იყენებენ გემთმშენებლობაში, შეიცავს დიდი რაოდენიბით ფისს, მისგან იღებენ ინდურ ტერპენტინს, რომელიც 14-20 % სკიპიდარს შეიცავს, ხოლო მცენარის ქერქი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით. ჩვენს პირობებში კარგად იზრდება და იძლევა აღმოცენების უნარის თესლს.
ნახევრადმარადმწვანე სახეობებიდან აღსანიშნავია ნეკერჩხლის, მურყანის, შინდანწლასა და ჭანჭყატის სახეობები: Acer laevigatum, Acer oblongum, Alnus nepalensis, Cotoneaster simonsii, Euonymus grandiflora.
მაღალი დეკორატიული ღირსებით გამოირჩევა ჰიმალაის განყოფილებაში მოზარდი აუკუბას, ძახველის, შქერის, კოწახურის, კოკულუსის, ცრუქაფურის, კვიდოს, ლოროპეტალუმის, ჩიტავაშლას, მუხის, სტრანვეზიას და სხვა, მარადმწვანე სახეობები: Aucuba himalaica, Viburnum awabukii, Berberis insignis, Berberis lycium, Cocculus laurifolius, Cornus capitata, Cinnamomum glanduliferum, Ligustrum nepalensis, Loropetalum chinense, Pyracantha crenulata, Stranvaesia nussia.
ფოთოლცვენი სახეობებიდან ჰიმალაის განყოფილებას ამშვენებს არყის, შინდის, ენკიანთუსის, ინდიგოფერას, ლიონიას, მაგნოლიას, შოთხვის, საპნის ხის და სხვა, სახეობები: Betula jacquemontiana, Cotoneaster frigida, Cornus controversa, Cornus macrophylla, Fraxinus floribunda, Indigofera gerardiana, Lyonia ovalifolia v. elliptica, Padus racemosa, Sapindus mukorossi, Sorbaria tomentosa. მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა კემპბელის მაგნოლია (Magnolia campbellii), რომელიც თავის სამშობლოში სიცოცხლის 25-ე წელს ყვავილობს, ჩვენს კლიმატურ პირობებში კი მე-13 წელს იყვავილა; ფოთოლმცვენი თუთუბოსებრი ძახველის (Viburnum cotinifolium), საჭმელად ვარგისი შავი ნაყოფი ნოემბერში მწიფდება.
ჰიმალაური პალმებიდან განყოფილებაში გვხვდება ახოვანი და ელეგანტური მარტიუსის მარაოსებრი პალმა (Trachycarpus martiana) და Trachycarpus takil.
აქვე ვხვდებით ლაქის ხეს - Rhus verniciflua, რომელსაც უნდა მოვერიდოთ, რადგან იგი ტოქსიკურობით გამოირჩევა, თუმცა, სამშობლოში მისი ქერქიდან ძვირფასი ხარისხის ლაქი მზადდება.
ხვიარა მცენარეებიდან გამოირჩევა მარადმწვანე ლიანა - უნკარია (Uncaria rhynchophylla), რომელსაც ჰიმალაიში, ჩინეთსა და იაპონიაში სამედიცინო დანიშნულება აქვს.
ჰიმალაური წარმოშობის ზოგიერთი სახეობა ათწლეულების განმავლობაში კარგად შეეგუა აჭარის ზღვისპირეთის ტენიან სუბტროპიკულ კლიმატს და ისინი საქართველოს სუბტროპიკული ზონის დეკორატიულ მებაღეობაში ძირითად კულტურას წარმოადგენენ (ჰიმალაური კედარი, ცრუქაფურის დარიჩინი, სხვადასხვა შინდი, მარტიუსის პალმა და სხვა).