ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გვარი Camellia L. სახეობებს და ჯიშებს, რომლებიც ბაღის ტერიტორიაზე სამხრეთ ევროპიდან მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდანაა ინტროდუცირებული.
ბაღის მთელ ტერიტორიაზე კამელიები იზრდება როგორც ფლორისტულ განყოფილებებში, ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებში, ასევე ხნოვანი, გამორჩეული ფორმები გვხვდება ეგზოტურ მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთზეც.
ბაღის ტერიტორიაზე კამელიის 2 სახეობა: იაპონური კამელია (Camellia japonica L.), მთის კამელია (Camellia sasanqua Thunb.) და იაპონური კამელიის 54 ჯიში, ბაღის დაარსებამდე იყო ინტროდუცირებული.
ამჟამად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიის გვარი წარმოდგენილია 4 სახეობით: იაპონური კამელია (Camellia japonica L.), მთის კამელია (Camellia sasanqua Thunb.), ზეთის კამელია (Camellia oleifera Abel.), ბადისებური კამელია (Camellia reticulata Lindl.). ყველაზე მდიდარი ასორტიმენტით წარმოდგენილია იაპონური კამელია (78 ჯიში). მათგან მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა იაპონური კამელიის შემდეგი ჯიშები: ‘Alba plene’, ‘Elegans’, ‘Mathotiana Alba’, ‘Haku –Ho’, ‘Contessa Nencini’, ‘Frau Minna Seidel’, ‘Virgine di colle Beato’, ‘Pelagia’ და სხვ.
ბაღის მცენარეთა კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე მთის კამელიას (Camellia sasanqua), რომელიც ბაღში წარმოდგენილია 18 ჯიშით, ამათგან მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა: ‘Asa-qasumi’,‘Gyobi- goromo’, ‘Lavender pink’, ‘Negishi-ko’, ‘Rosea’, ‘Versicolor’, ‘White Queen’ და სხვა.
კამელიები ყვავილის განსაკუთრებული სილამაზის, ფორმის, ყვავილობის ხანგძლივობისა და ყვავილობის პერიოდის მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალურია. კამელიის ცალკეული წარმომადგენლები ყვავილობას იწყებს სექტემბერში და გრძელდება მაისის ბოლომდე, ერთეული ყვავილები ივნისშიც შეინიშნება. კამელიის ჯიშები ბათუმის ბოტანიკური ბაღის პირობებში ყვავილობენ უხვად, ყოველწლიურად, ივითარებენ თესლს და იძლევიან თვითნათესებს.
ბოტანიკურ ბაღში წლების მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა კამელიების სელექციაზე, 1961 წლიდან ბაღში გამოყვანილია მრავალი მაღალდეკორატიული ჰიბრიდული ფორმა, რომელთაგან დღეისათვის გამორჩეულია ოცამდე ჯიში.
2015 წლიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონური კამელიის ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის იმართება კამელიების გამოფენა. განსაკუთრებული საგამოფენო ექსპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია 67 ჯიშით, მნახველების აღფრთოვანებას იწვევს.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი, როგორც კამელიების უძველესი და მრავალფეროვანი კოლექციების მფლობელი, 2016 წლიდან გაწევრიანებულია კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICS).