ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ავსტრალიის განყოფილება

ბაღის ყველა ფლორისტული განყოფილება თავისებური ხიბლით და სილამაზით გამოირჩევა. მაგრამ ავსტრალიური, ყველაზე უცხო და საინტერესოა, ვინაიდან თვით ავსტრალია გამორჩეულად ინდივიდუალურია როგორც კლიმატის ისე ფლორის მხრივ.

აღნიშნული განყოფილებების განაშენიანება 1913 წლიდან დაიწყო. მას 3,9 ჰა ფართობი უჭირავს და მთავარი გზის ორივე მხარესაა განლაგებული, სამხრეთ-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობებზე.

ამიერკავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე ავსტრალიური მცენარეების შემოტანა XIX საუკუნის 70-იანი წლებით თარიღდება. განსაკუთრებით, როგორც ზემოდ ავღნიშნეთ, უნდა გამოიყოს ევკალიპტები, რომელთა ინტროდუქციის ცდების გაფართოება, კულტურის სახით გაშენება და ბიოქიმიური შესწავლა XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო.

გვარი ევკალიპტი ავსტრალიისა და ტასმანიის ენდემია, სადაც ის ბუნებრივად სხვადასხვა პირობებში იზრდება.

1939 წლის მონაცემებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის 1302 სახეობიდან 51 ავსტრალიის წარმომადგენელი იყო). 1968 წელს, მერქნიან მცენარეთა 1679 სახეობიდან, 69 ავსტრალიურია. 1981-1985 წლების ინვენტარიზაციის მონაცემებით 2037 სახეობიდან 110 ტაქსონი ავსტრალია-ტასმანიის გეოგრაფიულ-ფლორისტულ ოლქს ეკუთვნის.

შავი ზღვის სანაპიროზე გამოიცადა ევკალიპტების 200-მდე სახეობა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ინვენტარიზაციის შედეგებით, ბაღის არსებობის მანძილზე, ავსტრალიურ ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, 78 სახეობის ევკალიპტი იზრდებოდა. წლების მიხედვით მათი რაოდენობა საგრძნობლად შეიცვალა. მაგ: 1912/14 წლისათვის ინტროდუცირებული, გამოზრდილი და ღია გრუნტში დარგული იყო 11 სახეობის ევკალიპტი, 1938 წელს - 27, 1965 წელს - 49, 1987 წელს - 59, 2011 წლის აღწერით, ბაღში ევკალიპტის 40 სახეობაა წარმოდგენილი.

ზოგიერთი წლების მონაცემებმა გვიჩვენა, რომ ჩვენი კლიმატური პირობები არასასურველია ავსტრალიური მცენარეებისათვის, დაბალი ტემპერატურის და უხვთოვლიანობის გამო ძლიერ დააზიანდა ავსტრალიური მცენარეები, განსაკუთრებით ევკალიპტები.

2016 წლისათვის, ავსტრალიის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებაში წარმოდგენილია 874 ტაქსონი, აქედან ავსტრალიური წარმოშობისაა 9 ოჯახი, 13 გვარი და 69 სახეობა.