ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილება

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი დედამიწის ჩრდილო ნახევარსფეროშო მდებარეობს. კოკტინენტური თვისებებიდან გამომდინარე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის განაშენიანებისას ჩრდილოეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებისთვის გამოიყო ბაღის ჩრდილოეთით ყველაზე ცივი 7.8 ჰა ნაწილი.

თავის მხვრივ, განყოფილება 4 ნაწილად დაიყო:

  1. ჩრდილო-ამერიკული ტბა, მასთან მოსაზღვრე დაბლობი და ფერდობები, მისთვის დამახასიათებელი მცენარეებით: Pontederia cordata, Sabal palmetto, Taxodium distichum, Nyssa sylvatica, Pinus taeda, pinus palustris, Baccharis halimifolia და სხვა. ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ შტატებში გავრცელებული ფიჭვებითა და მუხებით.
  2. სამხრეთ-აღმოსავლეთის შტატების ფოთლოვნები: Acer rubrum, A.sacharum, Magnolia grandiflora, M.virginiana, Liriodendron tulipifera, Asimina triloba, Kalmia latifolia,Catalpa bignonioides და სხვა.
  3. შორეული დასავლეთის წიწვოვნები, ე.წ „ორეგონის ხევი“: Sequia, Sequoiadendron, Chamaecyparis, Cupressus, Juniperus –ის სახეობები.
  4. კულტურული მცენარეების განყოფილება: Carya, Acer saccharum, Washingtonia-ს სახეობები.

გასული საუკუნის 90-იანი წლების მძიმე პერიოდმა, მკაცრმა ზამთარმა, უარყოფითი კვალი დაამჩნია ბაღის მცენარეულობას, ზოგიერთი სახეობა ამოვარდა კოლექციიდან. 1985 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ ამერიკულ მცენარეთა კოლექციას გამოაკლდა 98 ტაქსონი. თუმცა ყოველწლიურად ხდება ამოვარდნილი სახეობების რეინტროდუქცია და ფიტოგეოგრაფიული განყოფილების ახალი სახეობებით შევსება. 1981-85 წლის ინვენტარიზაციის მონაცემებით ჩრდილოამერიკული განყოფილების მცენარეთა კოლექცია შეადგენდა 217 სახეობას და სახეობრივი შემადგენლობით მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ აზიის მცენარეების შემდეგ, რაც მთლიანი კოლექციის 15% შეადგენს.

2014-2016 წლებში მიმდინარეობს ბბბ-ს მცენარეთა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დაზუსტდება განყოფილებაში ამჟამად არსებული მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობა.

ბუნების დაცვის საერთაშორისი კავშირის (IUCN) ნუსხაში კონსერვირებულია ჩრდილოეთ ამერიკული წარმოშობის 22 სახეობის მცენარე.