“ქვედა პარკი”, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ''მწვანე კონცხის'' მთავარი შესასვლელიდან იწყება. ეს პარკი ფრანგი მოგზაურის მ. დ’ალფონსის მიერაა გაშენებული და მის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა 1881 წლიდან. ზღვაში შეჭრილი კონცხიც “კილიკ”-ი მან მონათლა და `მწვანე კონცხი~ უწოდა. სწორედ ამ კონცხზე მ. დ’ალფონსმა გააშენა ფრანგულ-რეგულარულ სტილში დაგეგმარებული პარკი სამხრეთ საფრანგეთიდან გამოწერილი იშვიათი დეკორატიული მცენარეებით: მარადმწვანე მაგნოლიებით, ოლეანდრეებით, პალმებით, კვიპაროსებით, კედრებთ, ფიჭვებით... (რომლებიც შემდეგ აჭარის შავი ზღვისპირეთის ბაღ-პარკებში დაინერგა). ამ პარკს “მცირე რივიერას” უწოდებდნენ. პარკში დღემდე დგას დ’ალფონსის სახლი. ეს ტერიტორია ბათუმის ბოტანიკურ ბაღს გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოუერთდა და 10 ჰა ფართობი უკავია.
1980-85 წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციით, ქვედა პარკში აღრიცხულია 102, ხოლო 2011 წლის მონაცემით - 95-მდე სახეობის მერქნიანი მცენარე. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მ. დ’ალფონსის დროინდელი, საუკუნოვანი, მარადმწვანე, ჩრდილოეთ ამერიკული დიდყვავილა მაგნოლიის (Magnolia grandiflora) ხეივანი, კორპის მუხა (Quercus occidentalis), ბრაზილიური არაუკარიის (Araucaria brasiliana), სამხრეთის კორდილინას (Cordyline australis), ხებუერას (Paulownia tomentosa), მუშმულას (Eriobotrya japonica), ხემარწყვას (Arbutus andrachne) უმშვენიერესი ხეები. ქვედა პარკში ასწლოვან ეგზოტებთან ერთად გვხვდება კავკასიური ცაცხვის (Tilia caucasica) და კავკასიური რცხილის (Carpinus caucasica) უძველესი ეგზემპლარები.
პარკი გამორჩეულია ასაკოვანი იაპონური კამელიებითაც, რომლებიც ზამთრში სხვადასხვა ფორმის და შეფერილობის ყვავილებით თვალწარმტაც სანახაობას ქმნიან.
დეკორატიული აუზი, რომელიც მ. დ’ალფონსის აგარაკთან ახლოს მდებარეობს, მთელი წლის მანძილზე: ყვავილობის, მარადმწვანეობის, ფერთა შეხამების ცვალებადობის პრინციპების გათვალისწინებით მორთულია დეკორატიულ ბალახოვანი მცენარეების კომპოზიციებით. ამ ტერიტორიას ალამაზებს ლამაზად მოყვავილე მერქნიანი მცენარეები იუდას ხე, იგივე არღავანი (Cercis siliquastrum) და ინდური როდოდენდრონი (Rhododendron indicum), რომლებიც განსაკუთრებით კარგად აღიქმება მარადმწვანე - მერქანშავი აკაციის და კვიპაროსების ფონზე.
ქვედა პარკი ბაღის ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია, ამიტომ მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რეკრეაციული უბნების მოსაწყობად. პარკის ყველაზე მაღალ ადგილზე, 01-04 - 01-06 ნაკვეთზე, მოეწყო პანორამული გადასახედები.