“ზედა პარკი” ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია. მის ყველაზე მაღალ წერტილში ბოტანიკურ ბაღში შემოსასვლელი ე.წ. მეორე სალაროა. აღნიშნული პარკის ტერიტორია, 1892 წელს, სააგარაკე მამულად შეიძინა გეოგრაფ-ბოტანიკოსმა პ. ტატარინოვმა და "სააკლიმატიზაციო ბაღი" შექმნა. დეკორატიული მცენარეების მოყვარულნი იმდენად იყვნენ მოხიბლული ამ ბაღში დარგული უნიკალური ეგზოტებით, რომ მას `ბოტანიკურ ბაღად~ მოიხსენიებდნენ. ბაღის დღევანდელი ადმინისტრაციის შენობაც, 1902 წელს აგებული პ. ტატარინოვის აგარაკი, იმდროინდელი არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
ზედა პარკს დაახლოებით 11 ჰა ფართობი უკავია. 1980-1985 წლების ინვენტარიზაციით პარკში აღრიცხულია მერქნიან მცენარეთა 193 სახეობა, ხოლო 2011 წლის მონაცემებით 224 სახეობა და 20 საბაღო ფორმა. ეს პარკიც ქვედა პარკის მსგავსად გამორჩეულია თავისი საუკუნოვანი მცენარეებით: ბიდვილის არაუკარია (Araucaria bidwilii), კანარის ფინიკის პალმა (Phoenix canariensis), ტირიფფოთოლა ევკალიპტი (Eucaliptus viminalis), ცრუქაფური (Cinnamomum glanduliferum), მარადმწვანე სექვოია (Sequoia sempervirens), ყირიმის ფიჭვი (Pinus pallasiana), კუნინგჰამია (Cunninghamia lanceolata), იაპონური კრიპტომერია (Cryptomeria japonica), ტოტარას ფეხნაყოფა (Podocarpus totara), უხვყვავილა ფისნაყოფა (Pitosporum floribunda), დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiflora), ჭაობის კვიპაროსი (Taxodium distichum), ურთხელისებრი ცრუცუგა (Pseudotsuga taxifolia), ფუნჯისებრი დისტილიუმის (Distilium racemosum), სურნელოვანი ოსმანთუსი (Osmanthus fragrans) და სხვა. ამ სილამაზეს ზაფხულის პერიოდში ემატება ჰორტენზიები - საგველასებრი ჰორტენზია (Hydrangea paniculata) მსხვილი, მოთეთრო-რძისფერი საგველა ყვავილედებით, დიდყვავილა ჰორტენზიის (Hydrangea macrophylla) ლურჯი ფერის სფეროსებრი ყვავილედებით და დიდყვავილა აბელია (Abelia grandiflora), რომელიც ხანგრძლივი ყვავილობით და სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა. პარკი გამორჩეულია ასევე ზამთარმოყვავილე მცენარეებით, მათ შორისაა: ინდოეთის რაფიოლეპისი (Raphiolepis delacouri), ქაღალდის ფაცია (Fatsia papirifera), იაპონური კამელიას (Camelia japonica) სხვადასხვა ფორმა. დამთვალიერებელთა ყურადღებას იქცევს პალმისებური ნეკერჩხლები და მათი ფორმები, ირმის რქა, "ოქროს წვიმა" (Laburnum anagiroides), იაპონური პიერისი (Pieris japonica), კალიკარპა (ლამაზნაყოფა) განტოტვილი (Callicarpa dichotoma) და მრავალი სხვა. ზედა პარკის ფერდობებზე ნიადაგის ზედაპირი დაფარულია აღმოსავლეთ აზუირი შებუსვილი პუერარიას (Pueraria lobata) და მარადმწვანე ხვიარა, ტყავისებრი, პრიალა ფოთლებიანი ჟასმინისებრი ტრაქელოსპერმუმით (Trachelospermum jasminoides). ეს მცენარეები შესანიშნავ კორდს ქმნიან და ნიადაგს იცავენ ჩამორეცხვისგან.
პარკში იზრდება დიდი ზომის ბამბუკის ე.წ. "მოსო" (Phyllostachys pubescens) ჯგუფი, სწრაფმზარდი, მონოკარპული, მარადმწვანე მარცვლოვანი მცენარე. მისი სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, ღეროს დიამეტრი 12 სმ. ზრდა 1,5 თვეში მთავრდება, შემდეგ ხდება მომწიფება. ბამბუკის ახალგაზრდა ღეროები ნაზი და რბილია, რომლისგანაც შესანიშნავ კერძებს ამზადებენ, 3-4 წლის შემდეგ მაგრდება, სიმწიფისას ოქროსფერი ხდება და შეიძლება გამოვიყენოთ საავეჯო წარმოებაში, როგორც საუკეთესო მასალა სხვადასხვა დეკორატიულ ნაკეთობათა, ღობეების, საფეხურების, ხიდების, მილების, ფანჩატურების და ა.შ. დასამზადებლად.
ზედა პარკი გამოირჩევა უნიკალური პანორამული ხედებით, ამიტომ არსებულ გადასახედებს დაემატა ახალი ვერანდები და პლათფორმები დასასვენებლად, ხედებით დასატკბობად და ე.წ. “მცოცავი ფერდობების” ნიადაგის გასამაგრებლად. ამ პარკში ორი სკვერი სახელობითია, ესაა ი. გორდეზიანის და უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს სახელობის სკვერები. აქ აღმართულია მოქანდაკე ო. დარჩიას მიერ ქვაზე გამოთლილი ულამაზესი ჯვარი.
ზედა პარკის მშვენება დეკორატიულ ყვავილოვან-ბალახოვან მცენარეთა პარტერია, სადაც ს. ჰინკულის მიერ მოწყობილი დეკორატიული აუზია ფერადი თევზებით, ხოლო შუაში, პატარა კუნძულზე იზრდება სამეფო გვიმრა (Osmunda regales). პარტერი ულამაზესია წლის ნებისმიერ დროს, აქ სხვადასხვა დროს ყვავილობს: სუმბული, სალვია, იაჟუჟუნა, ხარისძირა, ზიზილა, ფლოქსი, ნერინე, გულყვითელა, ნარგიზი, კნიფოფია, ზამბახი, ასტილბე, იორდასალამი და სხვა მრავალი ბალახოვანი ყვავილოვანი მცენარე. პარტერის მარგალიტი ზამთარში, თოვლში, ლამაზი მუქივარდისფერი დიდი ყვავილებით მოყვავილე კემპბელის მაგნოლიაა (Magnolia campbelii).
ბოლო წლებში, ბოტანიკურ ბაღში მომრავლებული გამოფენებიდან, „ციტრუსების, ეგზოტურ მცენარეთა და ადგილობრივი ხილის გამოფენა“ სწორედ ზედა პარკში ეწყობა.