მცენარეთა კოლექციის და ფართობის თვალსაზრისით ყველაზე მდიდარია აღმოსავლეთაზიის განყოფილება.
ბაღის ცოცხალ მცენარეთა კოლექციის 40% აღნიშნულ განყოფილებაზე მოდის. ეს აიხსნება იმითაც, რომ აღმოსავლეთაზიის, განსაკუთრებით იაპონიის ტენიანი სუბტროპიკების კლიმატური პირობები თითქმის ჩვენი კლიმატური პირობების ანალოგიურია.
განყოფილება განლაგებულია დატერასებულ ფერდობზე და 6,05 ჰა უჭირავს. ფართობის დიდი ნაწილი აღმოსავლეთი ექსპოზიციითაა წარმოდგენილი, ნაკლები-ჩრდილოეთის და დასავლეთის. ის ესაზღვრება ჰიმალაის, მექსიკის და ჩრდილოამერიკის განყოფილებებს. განყოფილება ბაღის დაარსებისთანავე შეიქმნა.
1913 წელს, ბათუმის სოფლის მეურნეთა საზოგადოების დახმარებით, ბაღმა კავშირი დაამყარა იაპონიის ცნობილ ფირმებთან: "ნერზერი კომპანი" და "სეიტარო არაი"-სთან, საიდანაც ბაღს გადაეცა 314 სახეობის იაპონური მცენარე.
განყოფილება უხვადაა წარმოდგენილი მესამეული პერიოდის ტროპიკული ფლორის რელიქტებით: Ginkgo biloba, Metasequoia glyptostroboides, ბაღს ტროპიკულ იერს ანიჭებს მრავალწლოვანი ბალახი - იაპონური ბანანი, დიდფოთოლა ქაღალდის ფაცია, პუერარია, აქტინიდია და სხვა. მდიდარი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი ინდური იელი (აზალია), კამელია, მაგნოლია, ფიჭვი, ჭყორი, კორილოფსისი, ლინდერა, ღვია, შქერის სხვადასხვა ჯიში, კოწახური, იაპონური დეკორატიული ალუბალი, ხურმა, ნეკერჩხალი, ენკიანთუსი, კრიპტომერია, აუკუბა, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში კაშკაშა წითელი ფერის ნაყოფს ინარჩუნებს, ბამბუკის პლანტაცია, შოკოლადის ხე, კანფეტის ხე, საპნის ხე, ქონის ხე, წაბლი, მუხა, ჰორტენზია, ჩინური ცის ვაზი, წითელი მირიკა, Glyptostrobus pensilis, Taiwania cryptomerioides, Liquidambar formosana, Liriodendron chinense, Michelia compressa, Magnolia coco, Styrax obassia, Stewartia pseudo-camellia, Taxus mayrii, Tsuga sinensis, Alniphyllum fortunei, Illicium verum, Bischofia trifoliata, Milletia reticulata, Neolitsea sericea, Sinojackia xylocarpa, Fortunearia sinensis, Uncaria rhynchophylla, Thea sinensis, Cudrania tricuspidata, Paulownia tomentosa, Botrocarium controversum, Pterostyrax hyspida, Zelkova serrata, Larix leptolepis, Pseudolarix amabilis, Cinnamomum camphora, Chamaecyparis pizifera da obtusa, Podocarpus nagi, Castanopsis cuspidata, Buxus japonica, Lagerstroemia indica, Torreya nucifera, Sciadopitys verticillata, Trachycarpus fortunei, Pistacia chinensis, Gleditshia japonica, Melia azedarach, Euscaphys japonica, Jasminum humile, Chaenomeles japonica, Aleurites fordii, Ficus pumila, Zantoxylum schinifolium, Albizia kalkora, Trochodendron aralioides.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ნუსხის მიხედვით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი კრიტიკული სახეობებიდან განყოფილებაში 62 სახეობაა კონსერვირებული, რომელიც 20 ოჯახსა და 37 გვარს მოიცავს.
2012 წლის აპრილის მონაცემებით, ბაღის კოლექცია 92 ოჯახის 257 გვარის 710 სახეობითაა წარმოდგენილი. განყოფილება მოიცავს იაპონური სტილის ლანდშაფტურ ბაღებს.