ბათუმის ბოტანიკური ბაღი მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რაც აისახება მომავალი თაობის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბაკალავრების, მაგისტრანტებისა თუ დოქტორანტების ხელმძღვანელობა; ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალება ეძლევათ საკვლევ ბაზად გამოიყენონ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ე.წ. „უნიკალური ლაბორატორია ღია ცის ქვეშ“, ასევე დაეუფლონ ლიტერატურასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის უმდიდრესი სამეცნიერო ღირებულებით გამორჩეულ ბიბლიოთეკაში.

2016 წლის 8 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ბიოლოგიის მიმართულებით, ბიომრავალფეროვნების სპეციალობით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის აღმოსავლეთაზიის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების კურატორს თეონა ქათამაძეს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი თემაზე: „მანანასებრთა (Ericaeae Juss.) ოჯახის მცენარეთა ეკოლოგიურ-მორფოლოგიური თავისებურებანი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“. (მეცნიერ-ხელმძღვანელები: ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ პროფესორი ინგა დიასამიძე და ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის კოორდინატორი ფერიდე ჩაიძე). რეცენზენტმა ნათელა ვარშანიძემ (ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი) ნაშრომის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა თემის აქტუალობაზე, მეცნიერულ სიახლეზე, პერსპექტიულობაზე, კვლევისა და მიღწეული შედეგების აქტუალობასა და პრაქტიკულ ღირებულებებზე. თემის პრაქტიკული და თეორიული ნაწილი სრულიად მომზადდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბაზაზე.

ბიოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ასევე მიენიჭა ბოტანიკური ბაღის ბიოუსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელს ნინო მანველიძეს. თემის სათაური: „ზოგიერთი რელიქტური სახეობის ბიოეკოლოგია და გამრავლების თავისებურებანი სამხრეთ კოლხეთში“. (ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ნანა ზარნაძე; ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი დავით ხარაზიშვილი; რეცენზენტი, ასისტენტ პროფესორი ეთერ ჯაყელი). თემის მატერიალურ-ტენიკური უზრუნველყოფის ბაზას წარმოადგენდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნიერსიტეტი. კვლევა შესრულებულია შ. რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო თემების დაცვამ წარმატებით ჩაიარა და საჯარო დაცვის კომისიამ ნაშრომები 95 და 96 ქულით შეაფასა.