განყოფილება 1939 წელს 14 ჰა სუსტად დატერასებულ, ჩრდილოეთის ფერდობზე დაარსდა. 3 ჰა ხელუხლებლად დატოვეს, ბუნებრივი კოლხური ტყის ნაკრძალის სახით, დანარჩენი კი კავკასიის ფლორის ინტროდუცირებულ ნარგავებს დაეთმო. პროექტირებისას ტყე-პარკის გაშენება მოიაზრებოდა, რომელიც ფლორისტულად ახლოს იქნებოდა ბუნებრივ, კოლხურ ტყესთან, როგორც მერქნიანი მეზოფილური, ასევე ბალახოვანი სახეობების შემადგენლობით. გამოიყო 5 ნაკვეთი: 1. წიწვოვნების (განყოფილების ზემოთა ნაწილში), 2. მთის შუა სარტყლის ფოთლოვანი ტყის (შუა ნაწილში), 3. ქვედა სარტყლის ფოთლოვანი ტყის, რომელიც ძირითადად ნაკრძალების სახითაა წარმოდგენილი, 4. ხეხილოვნები, ესაზღვრებიან ტყეს და მთელს ტერიტორიაზეა გაბნეული, 5. მცირე ზომის ნაკვეთები მდინარისპირა დაბლობ ნაწილში, ზღვისპირა დაჭაობებული და ქვიშნარი ფლორის წარმომადგენლებისათვის.

გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში გამოიყო იშვიათ მცენარეთა საცდელ-საჩვენებელი ნაკვეთი, სადაც გათვალისწინებულია მხოლოდ იშვიათი და გადაშენებადი მერქნიანი, ასევე ბალახოვანი სახეობები. ამ ნაკვეთის შექმნის ძირითადი მიზანი იმთავითვე ამ სახეობების პოპულარიზაცია და ბიოეკოლოგიური თავისებურებების შესწავლა გახლდათ. ამ ნაკვეთზე დაირგო: იმერული მუხა (Quercus imeretina), წაბლისფოთოლა მუხა (Q. Castaneifolia), ჭოროხის მუხა (Q. Dzhorochensis), ჰართვისის მუხა (Q. Hartwissiana), ხერკინა (Parrotia persica), უხრავი (Ostrya carpinifolia).

ამჟამად, ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში გამოყოფილია 12 ნაკვეთი, სადაც კავკასიის ეკორეგიონის ველური ფლორის 96 ოჯახის, 216 გვარის, 367 სახეობა (მერქნიანია - 83) თავმოყრილი, მათ შორის: ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) “წითელი ნუსხის” 11 სახეობა: Abies nordmanniana, Buxus colchica, Taxus baccata, Zelkova carpinifolia. Alnus glutinosa, Corylus avellana, Diospyros lotus, Ficus carica, Picea orientalis, Pterocaria pterocarpa, Vitis vinifera.

კავკასიის "წითელი ნუსხისათვის" რეკომენდირებული 8 სახეობა: Betula medwedewii, Rhododendron ungerni, Rhododendron smirnowii, Minuartia colchica, Scabiosa adzharia, Quercus pontica, Rhamnus imeretina.

საქართველოს "წითელი ნუსხის" (2006) 16 სახეობა: Betula medwedewii, Buxus colchica, Castanea sativa, Laurus nobilis, Osmanthus decorus, Ostrya carpinifolia, Pterocarya pterocarpa, Quercus hartwissiana, Quercus imeretina, Quercus pontica, Rhododendron smirnowii, Rhododendron ungernii, Staphylea colchica, Taxus baccata, Ulmus glabra, Zelkova carpinifolia.

ველური ფაუნის და ფლორის გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობების, საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის (CITES) ნუსხის 5 სახეობა: Cyclamen adzharicum, Galanthus alpinus, G.krasnovii, G.rizehensis da G.woronowii.

30 ენდემური სახეობა: მათგან 5 კავკასიის (Albizzia julibrissin, Gleditschia caspia, Parrotia persica, Solidago virgaurea, Helleborus caucasica), 2 საქართველოს (Galanthus woronowii, Dianthus ketzkhowelii), 9 კოლხეთის (Aristolochia pontica, Betula medwedewii, Symphytum grandiflorum, Minuartia colchica, Quercus pontica, Iris lazica, Stachys trapezuntae,Paeonia macrophyllum), 10 აჭარა-ლაზეთის (Galanthus krasnovii, G.rizechensis, Seseli foliosum, Rhododendron ungernii, R. smirnowii, Astragalus adzharicus, Quercus dschorochensis, Osmanthus decorus, Primula megasaefolia, Cyclamen adzharicum), 3 აჭარის (Allium adzharicum, Centaurea adzharica, Ficaria popovii).

ფიტოგეოგრაფიული განყოფილების დიდ ნაწილზე ფართოდაა წარმოდგენილი შიგამთიანი აჭარის და ჰირკანის (აზერბაიჯანი) მცენარეულობა. განსაკუთრებით საყურადღებოა უნიკალური და უძველესი მესამეული გეოლოგიური პერიოდის, რელიქტური სახეობებით მდიდარი ხელუხლებელი ტყის ფრაგმენტები, რომელსაც ასე სრულყოფილად შემონახულს და კარგად დაცულს, ბუნებრივ პირობებში სხვაგან იშვიათად თუ ნახავთ. აქ შეხვდებით, 100-300 წელზე მეტი ხნოვანების წიფლის, წაბლის, წყავის და სხვა მერქნიანთა ეგზემპლარებს. ამდენად, ამ განყოფილების განუმეორებელი ბუნებრივი მცენარეულობა დიდი სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო და სანახაობითი მნიშვნელობისაა.