8 ნოემბერს, სასტუმრო ''ოაზისში'', ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა ევროპის ძალზედ ავტორიტეტული ბოტანიკური ბაღების და უნივერსიტეტების გამორჩეულ კოლეგებს და პარტნიორებს, - ებერჰარდ ფიშერს, ანდრეას გრეოგერს და ვოლფრა მლობინს უმასპინძლეს, რომლებსაც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან, ბოლო 20 წლის განმავლობაში განუწყვეტელი კავშირურთიერთობები გააჩნიათ და მათი ღვაწლი ჩვენი ბაღის განვითარების ევროპულ მოდელზე გადასვლის სწრაფვაში უდაოდ დიდია.

ამ თანამშრომლობის შედეგებმა ასახვა ჰპოვეს ისეთი უმნიშვნელოვანესი პროგრამების განვითარებასა და სრულყოფაში, როგორებიცაა ბაღის სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება, მცენარეთა ცოცხალი კოლექციების, თესლების და ჰერბარიუმის ფონდების მართვა, ადგილობრივი ფლორის ერთობლივი კვლევა, საერთაშორისო კავშირურთიერთობების განვითარება.

''პირველ ყოვლისა ნება მიბოძეთ ყველას მოგილოცოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსებიდან 106 წლისთავი, რომელიც როგორც ღირშესანიშნავი თარიღი ყოველწლიურად 3 ნოემბერს აღინიშნება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის საუკუნოვანი არსებობის პერიოდი, მის განვითარების ყველა ეტაპი, მუდამ იყო და რჩება ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მისი დაარსების დღიდან დღემდე.

ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ მე-20 საუკუნის მიწურული (90-იანი წლების ბოლო ათწლეული) და 21-ე საუკუნის დასაწყისი (დღევანდელობის ჩათვლით), ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპია ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორიაში და ჩვენ მას ვაფასებთ, როგორც დიდი გარდატეხებისა და ახალი გამოწვევების პერიოდად, ბაღის საქმიანობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ამოქმედების პერიოდად'', აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, რომელმაც საგანგებო მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმართ გამოხატული ღვაწლისათვის, რასაც ისინი ბოლო ორი ათეული წლის განმავობაში იჩენდნენ. განსაკუთრებით დიდია, მათი მხარდაჭერა ბათუმის ბოტანიკური ბაღის გოდერძის ალპური ბაღის კონცეფციის შექმნასა და განხორციელებაში.

საქმიანი შეხვედრისას, სწორედ ამ მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგებზე იქნა ყურადღება გამახვილებული.

სტუმრებმა წარმოადგინეს ახალი, მეტად მნიშვნელოვანი კვლევის შედეგების - ''საქართველოს ფლორის ილუსტრირებული საველე სახელმძღვანელო''-ს პრეზენტაცია, რომლის მომზადებაში საქართველოს სხვა ბოტანიკურ ბაღებთან, ბოტანიკურ დაწესებულებებთან და უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მისი კოლექტივი.

სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოს ფლორის ¼-ს (1200 სახეობა) მოიცავს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა და საჩუქრად გადაეცემა საქართველოს სასწავლო-კვლევით და სამეცნიერო დაწესებულებებს, ბოტანიკურ ბაღებსა და ორგანიზაციებს.

წიგნის პრეზენტაციას, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლების გარდა ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და კავკასიის ალიანსების პროგრამის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი, ლელა ფუტკარაძე.